საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსთავში სამრეწველო საწარმოები დაათვალიერა.
პრემიერი ქიმიურ საწარმო „აზოტს" ეწვია, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ერთადერთი საწარმოა. ქარხნის წარმომადგენლებმა მას მუშობის პროცესი და საწარმოს გაფართოების გეგმები გააცნეს და აღნიშნეს, რომ დაგეგმილია „აზოტის" წარმადობის გაორმაგება.
მოგვიანებით მერაბიშვილი „ვაგონმშენებელ კომპანიას" ესტუმრა და საწარმოო პროცესი დაათვალიერა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქარხანაში ვაგონები თითქმის მთლიანად ქართული წარმოების დეტალებისგან მზადდება.
როგორც საწარმოს ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, „ვაგონშემკეთებელი კომპანია“ ყველა სახის სატვირთო და სამგზავრო ვაგონის კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას ახორციელებს, ასევე, ამზადებს ნავთობგადასაზიდ ცისტერნებს. უახლოეს მომავალში კი, კონტეინერმზიდების დამზადება დაიწყება.

















