სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკანონო შემომწირველების მიმართ 1 575 000 ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების თხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
როგორც აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.
აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისთვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავალი რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან შეუსაბამოა.
„ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი შემომწირველი პირის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები უკანონო შემოწირულობად ჩაითვალა და სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის - 1 575 000 ლარის ფარგლებში მათ ქონებას ყადაღა დაედო“ - ნათქვამია განცხადებაში.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულობის შემთხვევაში მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები გამოიკვეთა. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა“ - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახური მმართველ პარტიას უკანონოდ მიჩნეული თანხების შემოწირულობის განმახორციელებელი პირებისთვის დაბრუნების წინადადებით მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

















