ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, დუბლინში აკრედიტებულ უკრაინისა და მოლდოვის საელჩოებთან ერთად, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის
საინფორმაციო ოფისის შენობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ერთობლივი ღონისძიება გახსნა ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯერი ქეილიმ, ხოლო შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მისიების ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს მოწვეულ სტუმრებს.
სიტყვით გამოსვლისას, ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან როლზე, ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ღონისძიება ემსახურებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივისა და ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ სტრუქტურებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის.

















