ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამბროლაურის აქციაზე უტიფარი ტყუილი უწოდა ხელისუფლების ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს ის რუსეთის სამსახურშია.
„სააკაშვილის და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარებს
ბოლო არ უჩანს. ხმამაღლა ბედავენ იმის თქმას, რომ მე ქართული
სახელმწიფოს მტერი ვარ, და რუსეთის სამსახურში ვდგავარ. ეს უტიფარი ტყუილია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხალხს ჩემდამი ნდობა დაუკარგოს და ქვეყნის მტრად გამომაცხდოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მას ამ ბრალდებაზე ეცინებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მოღალატეობა დააბრალეს, მან დაინახა, რომ სააკაშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, ადამიანები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს.
„არ შეგეშინდეთ, ხალხო, ჩვენს მხარესაა ცივილიზებული სამყარო, ამ
დღეებში მათ მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი პოზიცია და ლენინიზმად შეაფასეს ამ ხელისუფლების საქციელი“ – აღნიშნა ივანიშვილმა.
ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების გაყალბებაზე თვალს აღარავინ დახუჭავს.
მისი თქმით, 1 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და არჩევნებით შეცვლის ამ ხელისუფლებას.
ის დაპირდა მოსახლეობას, რომ საქართველო თავისუფალი იქნება პოლიტიკური დევნის შიშისგან და ხალხს არავინ წაართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას.

















