ამბროლაურში აქციაზე გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ღირსეული რთველის ჩატარებას და ყურძენზე რეალური ფასის დაწესებას დაპირდა.
„1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ვიქნებით, სასიხარულო რთველი ჩატარდება. ყურძენზე იქნება რეალური ფასები და არა მოგონილი“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, თუ ყურძენი უნიკალურია და მსგავსი მსოფლიოში არსად მოდის, ფასიც უნიკალური უნდა იყოს.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, იგი რაჭა-ლეჩხუმში ყურძნის უნიკალური ჯიშების აღორძინებას გეგმავს.
სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ამოქმედდება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი და იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში რეალურ სამუშაო ადგილებს შექმნიან, განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათები დაწესდება.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად 1 მლდრ-იანი ფონდის შექმნა. ამ სექტორში დასაქმებულები შეძლებენ შეღავათიანი, ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი სესხების აღებას, მოწესრიგდება მიწის დაკანონების საკითხი და შეიქმნება გარკვეული გარანტიები, გლეხს ხელი შეეწყობა ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში.
„არ გიღალატებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რასაც გპირდებით, იმაზე მეტს გავაკეთებ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მან აქციაზე თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, რეგიონში საჭირო თანხის გადარიცხვა არ იქნება დამოკიდებული რომელიმე ჩინოვნიკის ნება-სურვილზე.
მისი განცხადებით, თვითმმართველობის სიკეთე ხალხმა უნდა იგრძნოს, ხალხმა უნდა ისწავლოს საკუთარი კუთხის მართვა და შემდეგ იმის მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა პირიქით.

















