კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში გამართულ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დარახველიძე წარუდგინა.
ივანიშვილის თქმით, დარახველიძე ერთადერთი იყო, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ გუბერნატორის თანამდებობაზე დატოვა, თუმცა, დარახველიძემ მათთან მუშაობა არ ისურვა და გადადგა.
მისივე თქმით, კონტროლის პალატა ბოლო 20 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ პატიოსანი ორგანო იყო, როცა მას რეზო შავიშვილი და მისი მარჯვენა ხელი დავით დარახველიძე მართავდნენ.
„მხოლოდ წესიერებით გამოირჩეოდა კონტროლის პალატა ამ პერიოდში და ეს თქვენი მომავალი დეპუტატის დიდი დამსახურებაა. ის თქვენი კუთხის შვილია, გაჰყევით მას და იცოდეთ, რომ აუცილებლად სწორ გზაზე გაგიყვანთ. ის, რაც დარახველიძეს თქვენთან და ჩვენთან აერთიანებს, მისი სწორი, წესიერი წარსულია“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ არჩევნებზე მხარი არამხოლოდ პარტიას, არამედ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსაც უნდა დაუჭიროს.

















