ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციას იუსტიციის მინისტრი, თეა
წულუკიანი გამოეხმაურა. წულუკიანი აცხადებს, რომ ვერც ის და ვერც ღონისძიების სხვა მონაწილეები ასეთ ფონს ვერ ინატრებდნენ.
,,არამც თუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ჩვენი ტრადიციული მეგობრები ევროკავშირიდან, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ასეთ ფონს და რეკლამას ვერ ვინატრებდით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის ოცდამეათე წლისთავს’’ - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
წულუკიანის თქმითვე, იმ ადამიანების მმართველობის პერიოდში, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ, ბავშებს ნიჩბებით ყრიდნენ ციხეში.
,,ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს არიან ისინი, რომლებიც ნიჩბით ყრიდნენ ბავშვებს ციხეში. მათი მმართველობის პერიოდში ფეხქვეშ იყო გათელილი გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია და არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ამიტომაც, ის ფონი, რომ კვლავ ისინი არიან სახეზე, სიმბოლურია. მადლობა მათ ამ ფონისთვის. ისინი ცდილობენ კიდევ ერთხელ დაანახონ საზოგადოებას თავიანთი რეალური სახე“ - აღნიშნავს თეა წულუკიანი.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარჯზე 4000-ზე მეტი ბავშვი აერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
,,2015 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმების წყალობით 4000-ზე მეტი ბავშვი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ანუ ისინი არ მოხვდნენ ციხეში და მოხვდნენ ან საგანმანათლებლო სისტემაში ან განრიდება მედიაციის პროგრამაში’’ - აცხადებს თეა წულუკიანი.
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა, პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა. წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო. იუსტიციის მინისტრს შენობის დატოვებისას აქციის მონაწილეებმა მონა უწოდეს.

















