კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ უწყებათაშორის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღეს „მაესტროს“
ანტენებზე ყადაღის მოხსნისა და მათ დარიგებაზე მონიტორინგის განხორციელების საკითხი დააყენა.
როგორც უწყებათაშორის კომისიაში გამართული შეხვედრის შემდეგ კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე არანაირი შეთანხმება არ მომხდარა, გადაწყდა მხოლოდ ის, რომ კომისია ამ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს და კოალიციას პასუხს გასცემს.
კოალიციის წარმომადგენლის, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, კოალიციამ კომისიას დღეს ოპტიმალური გამოსავალი შესთავაზა, კერძოდ, ანტენების დარიგებაზე მონიტორინგი შეუძლია განახორციელოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ასევე სახელმწიფომ. მისივე თქმით, თეფშების დარიგება წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად მოხდება.
„ჩვენი ამოცანა არ არის კომისიასთან და გიგა ბოკერიასთან კამათი და დავა, არამედ - გამოსავლის პოვნა. ჩვენ შევთავაზეთ წინადადება, რომელიც მთლიანად გამორიცხავს მოსყიდვის ჰიპოთეტურ შესაძლებლობასაც კი, თუმცა, ამის შესაძლებლობა ისედაც არ არსებობდა, მაგრამ ეს არის დამატებითი გარანტიები“ - განაცხადა ტუღუშმა.
როგორც კოალიციის წარმომადგენელმა ნინო ზურიაშვილმა აღნიშნა, იარსებებს გარანტია იმისა, რომ „მაესტრო“ კანონს არ დაარღვევს და თავად „მაესტროც“ თანახმაა, იმოქმედოს გაწერილი სქემით და მონიტორინგის ფარგლებში დაამონტაჟოს სატელიტური თეფშები.
„ხელისუფლება შეძლებს ნახოს - ეს არის მოსყიდვა „მაესტროს“ მხრიდან თუ მისი ბიზნესის გაფართოება“ - განაცხადა ზურიაშვილმა.
შორენა შავერდაშვილის თქმით, კოალიციის წარმომადგენლები უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას იმიტომ შეხვდნენ, რომ „მაესტროს“ სატელიტური თეფშების დაყადაღება პოლიტიკური საკითხია და ხელისუფლებას ამ ქმედებისთვის არადამაკმაყოფილებელი სამართლებრივი საფუძველი აქვს.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კომისიისგან პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.

















