„ხელისუფლებას აქვს მაღალი პასუხისმგებლობა. ზედაპირზე პოლიტიკური ფიგურების ბრძოლა
უფრო ჩანს, ვიდრე საზოგადოების ინტერესები და მე ვფიქრობ, ვინც საზოგადოების ინტერესებს უკეთ გაითვალისწინებს, წარმატებულიც ის იქნება“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უკანასკნელ დღეებში თბილისში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს რაც ხდება, არის დაძაბულობის მარალი ხარისხი პოლიტიკურ ველზე, რომელიც ემოციურად და პოლიტიკურად ძალიან ცუდად მოქმედებს ქვეყანაზე, თუმცა, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი. მისივე თქმით, ოპოზიცია დიდი ხანი ემზადებოდა რევოლუციური სცენარისთვის, მაგრამ ქვეყანას ახლა რიგგარეშე არჩევნები კატეგორიულად არ სჭირდება.
„სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. ადამიანები, ვინც ერთის მხრივ ამბობენ, რომ მატულობს მათი პოპულარობა და ყველა გამოკითხვით წინ არიან, ზუსტად ვიცი, რომ ვერ გადიან საზოგადოებაში საარჩევნოდ. დამისახელეთ ნებისმიერი გვარი, რომელსაც შეუძლია საარჩევნოდ მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. არ უნდა დავუშვათ უკანონობა არც ჩვენ, არც იმათმა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ქვეყანა გადარჩება. ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან და იმ გამოწვევებიდან, რაც ჩვენს გარშემო არსებობს და აქ ჩვენს კომფორტზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, სადაც ჩვენი შვილები ცხოვრობენ. სადაც მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს და მე ვამბობ, რომ ქვეყანას კატეგორიულად არ ჭირდება ის, რასაც ქვია ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

















