საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ამბროლაურში დღეს დაგეგმილი აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და სცენა მონტაჟდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ამბროლაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მოსამზადებელ სამუშაოებს ხელმძღვანელობენ.
მისი თქმით, აქციაზე ჩასვლას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიმდებარე რაიონებიდანაც აპირებენ.
„თბილისიდან ვინ ჩამოვა საღამოს გაირკვევა. სხვადასხვა სოფლებიდან აქციაზე დასწრების მსურველთა კოლონებს კი, ჩვენი ადგილობრივი მხარდამჭერები უხელმძღვანელებენ“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ონში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.
„ქართული ოცნების“ აქცია ამბროლაურში, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

















