„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ.
მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი ინგა გრიგოლია ზემო ავჭალის დასახლებაში სარკინიგზო მშენებლობის დროს წარმოქნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული დასახლების მაცხოვრებლებს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდებათ, რაც რკინკიგზის სამშენებლო სამუშაოების დროს წყლის მილის დაზიანებამ განაპირობა. გრიგოლია დაუყოვნებლივ მოითხოვს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ხელისუფლებას მოვუწოდებ, სასწრაფოდ ამოვიდნენ ზემო ავჭალაში და ამ ხალხს მიაქციონ ყურადღება. რკინიგზის შემოვლითი ხაზის მშენებლობის გამო, მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა“ - განაცხადა მან.
ქდმ-ს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია კი, კალისტრატე ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ავარიული სახლები დაათვალიერა.
გაბუნიას თქმით, ეს ოჯახები დროულ და ეფექტურ მხარდაჭერას საჭიროებენ, რათა ის საფრთხე გამოირიცხოს, რომელსაც ამორტიზებული შენობა ქმნის.

















