პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მილიონი ლარის ასაღებად პოლიტიკური პარტიების რიგი დგას.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჩიხრაძემ განაცხადა, გასულ წელს საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლსაც კანონის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებზე მყისიერი რეაგირების ვალდებულება აქვს და ამით დღეს ყველა პარტია სარგებლობს.
ამასთან, მისი განმარტებით, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ამოქმედდა ტელევიზიებზე საერთაშორისო მონიტორინგი, რამაც აიძულა სახელისუფლებო ტელევიზიები, ყველა საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური აქტიურობა გააშუქოს; შეიქმნა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, რომელმაც სიაში მილიონზე მეტი შესწორება შეიტანა. ჩიხრაძის თქმით, მისი მიერ დადებულ შედეგს ყველა საერთაშორიოს ორგანიზაცია დადებით შეფასებას აძლევს, ამასთანავე, შეთანხმებაში ჩაიდო მუხლი, რომლის თანახმადაც ყველა ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარის დაფინანსებას მიიღებს.
როგორც ჩიხრაძე აცხადებს, თავის დროზე ამ მუხლის გამო ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ „მემარჯვენეების“ მიმართ ცილისმწამებლური კამპანია აწარმოა.
„გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა საარჩევნო კომისიას საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების თაობაზე. დღეს მილიონიან ტრანშს ყველა ის პარტია ითხოვს, ვინც თავის დროზე შეთანხმებაში ამ მუხლის ჩადების გამო „მემარჯვენეებს“ მორალს უკითხავდა. ესენი არიან „ქართული დასი“, “თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს გზა“ და თვით მილიარდების მქონე „ქართული ოცნება“ - განაცხადა ჩიხრაძემ და დასძინა რომ „ახალი მემარჯვენეები“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც პრინციპული ბრძოლაც შეუძლია, გონივრულ პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლაც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც.

















