ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ხელისუფლებას
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც ძიძიგურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, გვიან ღამით, რუსთავის მოსახლეობას ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სხვადასხვა სახის პროდუქტი დაურიგეს.
მისივე ცნობით, აღნიშნულ პირებს მაისურებზე 5 ნომერი ეწერათ და მოსახლეობას პროდუქტებს ჩუმად ურიგებდნენ.
„არიგებდნენ მაკარონს, კარტოფილს, სხვადასხვა საკვებ პროდუქტს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია იმ მიმართულებით, რომ სახეზეა ადმინისტრაციული, საბიუჯეტო რესურსის ძალიან უსინდისოდ გამოყენება ხელისუფლების მხრიდან, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ეს არ ნიშნავს მათთვის რაიმე სახის ვალდებულებას“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ძიძუგურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საარჩევნო კამპანიისთვის საბიუჯეტო რესურსს იყენებს, ხოლო მოსახლეობა ვალდებული არ არის არჩევნებზე ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცეს.
„საქართველოს მოსახლეობას, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ გამოართვან ყველაფერი ხელისუფლებას, რასაც მისცემენ, ვინაიდან ეს მათი ფულით შეძენილი პროდუქტებია, მაგრამ ეს არავის არ ავალდებულებს, რომ ამის სანაცვლოდ ხმა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“- განაცხადა ძიძიგურმა.

















