უწყებათაშორის სახელმწიფო კომისიაში ხვალ კოალიციასთან „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეხვედრა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განუცხადა, შეხვედრაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნის საკითხი განიხილება.
„მიგვაჩნია, რომ ის, რაც ტელეკომპანიის ანტენებთან დაკავშირებით ხდება უკანონობაა და ამ საკითხის მოგვარებას ვითხოვთ. საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიას კოალიციამ მიმართა“ - აღნიშნა კორძაიამ.
შეხვედრა 14.00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ერთი თვის წინ კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ამ საკითხზე განცხადებით იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორსაც მიმართეს.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ სატელიტური ანტენების დაყადაღებით ირღვევა კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი.
პროკურატურამ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენები პირველად 11 ივლისს დააყადაღა.

















