საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამერიკული ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერის“
(GQR) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს რეალურს უწოდებს.
როგორც დავით დარჩიაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, კვლევის შედეგები საზოგადოების განწყობას შეესაბამება, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის კვლევებს ვინმე არ ენდოს.
დარჩიაშვილის შეფასებით, „გრინბერგ ქვინლენ როსნერი“ მკვლევარების ცნობილი და ავტორიტეტული ჯგუფია.
„ბუნებრივია ცდომილების პროცენტი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის სხვა კვლევების შედეგებს არსებითად ემთხვევა. ამავე დროს ბოლო შედეგებია და პოლიტიკურ პროცესებში მთელ რიგ ცვლილებებს და მიმდინარე კამპანიას ასახავს. შესაბამისად, ის პროცენტები რაც კვლევაშია ასახული სავსებით რეალურია“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც წესი კოალიცია „ქართული ოცნება“ რომელიმე კვლევისადმი ნდობას არ გამოხატავს, თუ ეს მათი პირადი კვლევა არაა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკულმა ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერმა“ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
შედეგების მიხედვით, იმ გამოკითხულთა ხმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ, მიიღებენ, ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 55%, „ქართული ოცნება - 33%, ხოლო ქდმ-5%.
კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტზე შესრულებულ საქმიანობას დადებითად - 73%, ხოლო უარყოფითად 24% აფასებს.
„გრინბერგ ქვინლენ როსნერმა“ კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, მთელი საქართველოს მასშტაბით აგვისტოს დასაწყისში ჩაატარა. კვლევის დროს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.

















