კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, დღეს სოფელც ორულუს მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ალასანიას განცხადებით დადგა დრო, როცა ზუგდიდმა ისტორიული ფუნქცია დაიბრუნოს და შეასრულოს ხიდის როლი აფხაზეთთან მიმართებაში.
„აფხაზები თუ დაინახავენ რომ აქ გლეხი წელშია გამართული,ბიზნესი ვითარდება, ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მაშინ მათთან საერთო ენის გამონახვა გაადვილდება, ეს კი წინაპირობა იქნება გზის გასახსნელად. ჩვენი მიზანია აფხაზეთის გავლით ქართული პროდუქცია რუსეთის დიდ ბაზარზე მოხვდეს.
სამეგრელოს ეს წელში გამართავს. აი ესაა ჩვენი ქართული ოცნება“-განაცხადა ალასანიამ.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას კოალიციის საარჩევნო გეგმაც გააცნო და ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
ამომრჩეველს შეხვდა კოალიციის ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანიც, ის დღეს ბეჟანიშვილისა და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების პროგრამები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
დღესვე, თეა წულუკიანი ჩარგლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა.

















