თერთმეტმა საარჩევნო სუბიექტმა საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა. როგორც „ნიუსპრესს“ ცესკო-დან აცნობეს, ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში სუბიექტებისგან თანხმობის წერილები უკვე შევიდა.
მათივე ინფორმაციით, ფონდის დაფინანსებაზე თანხმობა პოლიტიკურმა მოძრაობა „თავისუფლება ზვიად გამახურდიას“, პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართული დასი“, პოლიტიკურმა პარტია „თვისუფალი საქართველო“, პარტიამ „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიულიმა მოძრაობამ“, „ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ“ განაცხადა.
ფონდის დაფინანსებაზე ასევე, ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, საქართველოს „ევროპელი დემოკრატები“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაა“ თანახმა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არა უმეტეს 1 000 000 ლარს მიიღებს.
აღნიშნულ თანხაში სატელევიზიო რეკლამის ხარჯებისთვის მიზნობრივად განსაზღვრული 300 000 ლარი შედის.
საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

















