საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ლაგოდეხის მარცვლეულის შემნახველ ცენტრს ესტუმრა.
მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, პრემიერ მინისტრი ცენტრის მუშაობას გაეცნო და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებსაც მარცვლეული მოჰყავთ.
მერაბიშვილის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, ერთი კილოგრამი სიმინდის გამოშრობის ღირებულება 8 თეთრიდან 5 თეთრამდე შემცირდება, ხოლო ერთი თვით შენახვის ფასი 1 თეთრიდან 0,5 თეთრამდე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ფერმერებს სულ მარცვლეულის შემნახველი ოთხი ცენტრი მოემსახურება.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოსთვის აბაშის, შიდა ქართლისთვის გორის, ქვემო ქართლისთვის და კახეთის ნაწილისთვის სართიჭალის და კახეთის აღმოსავლეთ ნაწილისთვის ლაგოდეხის ცენტრებია გათვალისწინებული.
ლაგოდეხის მარცვლეულის შემნახველი ცენტრის საშრობის წარმადობა საათში 30 ტონაა, ხოლო მოცულობა 50 ტონა. საწარმოში 37 ადგილობრივია დასაქმებული.

















