პოლიტიკური პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლევან ვეფხვაძე, ზაზა გაბუნია
და ნინო გურიელი ისანში, კრწანისსა და ვაკეში თავის საარჩევნო უბნებზე დღეს თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ავლაბარში მოსახლეობას უამრავი ყოფითი პრობლემა აწუხებს. მათ შორის უმთავრესია წყლის და ავარიული სახლების პრობლემა.
ლევან ვეფხვაძე „ქრისტიან - დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ყველა დაპირების შესრულებას დაჰპირდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისიდან ზაზა გაბუნია ამომრჩევლებს პურის მოედანზე შეხვდა. გაბუნიამ მოსახლეობას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, სამართლიანი ტარიფების და დასაქმების პირობა მისცა.
ქდმ-ს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ნინო გურიელი კი, საჯარო სკოლაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. კანდიდატი ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს და „ქრისტიან-დემოკრატების“ წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრა.

















