პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე საერთაშორისო სადამკვირვებლო
მისიებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
როგორც მურვანიძის განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს გზა“ პოლიტიკურ ოპონენტებთან ხელისუფლების ნეო-ბოლშევიკური მეთოდებით ბრძოლას ბოლო რამდენიმე თვეა ადევნებს თვალს, რაც დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელია.
განცხადების თანახმად, დღეს, როდესაც ქართველ ხალხს მთელი მსოფლიოს წინაშე გაცხადებული აქვს საკუთარი სურვილი – ააშენოს დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო, მმართველი გუნდი პირდაპირ ტერორს არ ერიდება.
„პირდაპირ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიციისა და სხვა ძალოვანი უწყებების აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯები საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას პირდაპირ უქმნის საფრთხეს, რაც თავისთავად ქვეყნის დესტაბილიზაციას და წარსულში დაბრუნებას უწყობს ხელს“ - აცხადებს მურვანიძე.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო თავადაა, რაც საქართველოს ირგვლივ არსებულ საფრთხეებს უფრო რეალურს ხდის.
„საქართველოს გზა“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, დიპლომატიურ კორპუსს მსგავსი ფაქტებისა და ტენდენციების მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების მკვეთრად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

















