არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს კანონში შეტანილ ცვლილებებს შემაშფოთებელს უწოდებს.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ტერი ბენჰემმა განაცხადა, ბოლო დროს გამოიცა ახალი კანონები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას და პოლიტიკური სუბიექტების რეკლამას უკავშირდება. მისი თქმით, დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა კონკრეტული სუბიექტების მიმართ კანონის შერჩევითი გამკაცრება.
„შემაშფოთებელია ის, რომ საარჩევნო კამპანიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა საარჩევნო პერიოდის დროს და დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა კანონის შერჩევითი გამკაცრება, ასევე გამოიცა ახალი კანონები სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით. ამას ჩვენთან სახლში შუა თამაშის დროს თამაშის წესების შეცვლას ვეძახით. მსგავსი ცვლილებები, შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ისინი პოლიტიკურადაა მოტივირებული“-განაცხადა ბენჰემმა.
ბენჰემის განმარტებით, მისი ორგანიზაცია საქართველოში იმისთვის არ იმყოფება, რომ მმართველი პარტია ან ოპოზიცია გააკრიტიკოს.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს სანდოდ და სამართლიანად უნდა გავითვალისწინოთ ის პრობლემები, რაც არსებობს და რაც წარმოადგენს შეშფოთების საგანს. ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს, საქართველოს ინტერესებში კი, რომელიც ასე მიილტვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, არ შედის არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“-განაცხადა ბენჰემმა და დასძინა, რომ „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც კერძო ფონდების მიერ ფინანსდება და არცერთი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ არის.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანი იყოს, არსებობს საბაზისო საკითხები, რომელიც ყველა პარტიისთვის ერთნაირი უნდა იყოს და საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა პირი ერთნაირად უნდა ემორჩილებოდეს კანონს.

















