საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე სწორ
გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმერეთში, სოფელ ქვაციხეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან თქვენ არ დაუშვებთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა ინანონ ჩვენს მიერ მიღებული არასწორი გადაწვეტილება“ - მიმართა სააკაშვილმა ქვაციხის მოსახლეობას.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში წერეთლის სახლ-მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველ დოკუმენტებს ეცნობოდა. მისი შეფასებით, წერეთლებმა გასული საუკუნის დასაწყისში თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთეს.
„მერე ამ ქვეყანამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაკარგა და ორჯონიკიძეების დროში ჩვენ მტერს ჩაუვარდა ხელში. ეს დღეები მუზეუმში ვიჯექი და ვუყურებდი ამ მასალას, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის რამდენიმე წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ მოღალატეებმა დამპყრობელს „ჩაგვახუტეს“ და იმ თაობისთვის ცხოვრება გაჩერდა. არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის ცხოვრება კვლავ გაჩერდეს“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ერთადერთი გზა თავისუფლება და დამოუკიდებლობაა.

















