კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის
განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ თავის კომენტარს განმარტავს.
როგორც მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ გაარკვია, რომ მილიორი „ლენინისტურ“ ქვეყანაში საქართველოს არ გულისხმობდა.
განცხადების თანახმად, კომენტარის გაკეთებამდე მინისტრს, რომელსაც მილიორის განცხადება წაკითხული არ ჰქონდა, ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს.
„განცხადების გაცნობის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს მიმოიხილავს და საკუთარ შეფასებას აკეთებს, რისი საწინააღმდეგო ბუნებრივია არაფერი მაქვს“ - ნათქვამია რურუას განცხადებაში.
მინისტრი აქვე განმარტავს, რომ რადგან მილიორის კომენტარი ჟურნალისტის ციტირების შედეგად შეიტყო, მისი წანადადებაც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს, მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„აქ საქმე გვაქვს ციტირებული კომენტარის კომენტართან, რის გამოც, მცდარი ინტერპრეტაციის საშუალება შეიქმნა. მინდა მოვუწოდო პრესის წარმომადგენლებს, რომ გაითვალისწინონ აღნიშნული ფაქტი და სიმართლე არ დაამახინჯონ“ - აცხადებს რურუა.
რიკარდო მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ლენინიზმის ნიშნებია.
„საარჩევნო კამპანიაში ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს. ლენინიზმში ვგულისხმობ იმას, რომ პარტიები საკუთარ პროგრამებს არ წარადგენენ და ცდილობენ ერთმანეთი გაანადგურონ. ამ ქვეყანაში არის განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ისინი მტრები არ უნდა იყვნენ“ - განაცხადა მილიორმა.
ნიკოლოზ რურუამ გუშინ რიკარდო მილიორის შეფასებას უხერხული გამონათქვამი და სისულელე უწოდა.

















