შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორის მოადგილის თამარ კაიკაციშვილის
გათავისუფლების საქმესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ხატია დეკანოიძეს მიმართავს.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მინისტრისგან ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
მინისტრს მიმართავენ - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „კონსტიტუციის 42 მუხლი“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის“ და „ახალგაზრდა ადვოკატები“.
თამარ კაიკაციშვილი 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა გაათავისუფლა. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზებია დასახელებული. მოსარჩელე მხარის მტკიცებულებებით, აღნიშნული გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით პირის არასაიმედოობის გამო მოხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა სექტემბერშია ჩანიშნული, სადაც დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.

















