საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ჭიათურის რაიონს ესტუმრა და მოსახლეობისადმი მიმართვისას მათ წინა წლების მძიმე
კორუფციული და კრიმინალური ვითარება შეახსენა.
„ყველა ჭიათურელს მინდა მივმართო - დაგავიწყდათ როგორი კრიმინალი და კორუფცია იყო? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მოცემულობაა და ტყემალივით ხეზე იზრდება?“ - განაცხადა სააკაშვილმა სოფელ სვერში მოსახლეობასთან შეხვედრისას და ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი ვითარება ყოველდღიური შრომისა და ბრძოლის, ასევე, მრავალი მტრის შეძენის ხარჯზე შეიქმნა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს ქვეყანა ვიწრო, მთიან გზაზე გადის, რომლის ორივე მხარეს უფსკრულია და უკან დახევა, მარჯვნივ ან მარცხნივ ფეხის გადაცდომა ნიშნავს გადაჩეხვას.
„უფსკრულიდან უკან ვეღარ ამოდიან. მე ეს არ მინდა ჩვენი ქვეყნისთვის და როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს გზა, უნდა ჩავიდეთ დანიშნულების ადგილამდე“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით წინ მიიწევს და ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ამ წინსვლამ „თითოეული სოფლის ორღობეში, სკოლაში და ოჯახში შეაღწიოს“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ჭიათურამდე მისასვლელი გზა სრულად შეკეთდება, ხოლო სექტემბერში სოფელს განახლებული სკოლა ექნება.
ქვეყნის პირველი პირი პროგრამა -„წყალი ყველა სოფელს“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წყალსადენის სისტემის უზრუნველყოფას დაპირდა.

















