კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ თვეში დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე
განაცხადა, სადაც იგი მოქალაქეების დასმულ კითხვებს პასუხობდა.
ამასთან, მისი თქმით, კოალიციას ათობით რეგიონული ოფისი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე აქვს.
"ქართული ოცნების" რეგიონალურ ოფისებთან დაკავშირებით განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს თავისი გარემოცვა არწმუნებს, რომ "ქართული ოცნების" რაიონული და რეგიონული სტრუქტურა უკვე შექმნილია და მუშაობს, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილს ოფისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება ურჩია.
"ქართული ოცნების" პრესმდივნმა, მაია ფანჯიკიძემ, მოგვიანებით, ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" საქმიანობასთან დაკავშირებით რეალურ ინფორმაციას არ ფლობდა.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, მალე "ქართული ოცნების" 40-ზე მეტი რეგიონული ორგანიზაცია ამუშავდება.
ამასთან, კოალიციის პრესსპიკერმა "ნიუსპრესს" დაუდასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ოფისი მუშაობის დასაწყებად უკვე მზადაა, თუმცა, ამ დროისთვის მათ მისამართებს ვერ ასახელებენ. მანვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისთვის" რეგიონული ოფისების დაქირავება სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

















