პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მინდია
გულუა აცხადებს, რომ მას, რამდენიმე პარტიასთან ერთად, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა სურს.
როგორც გულუამ დღეს სკაიპ-კონფერენციისას განაცხადა, მისი სურვილია, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა დასმა“, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, „ლეიბორისტებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“ გაიმარჯვოს, რათა შემდეგ, მათთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს.
„მთლიანობაში ჩვენ რომ შევიკრიბებით, ვიქნებით საკონსტიტუციო უმრავლესობა და საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებთ“-აღნიშნა მან.
დღესვე, გულუამ ნატო-სადმი თავის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ძირითადი საკითხი, რაშიც პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.
„სანამ საქართველო არ იქნება მთლიანი თუ მანამ გავწევრიანდებით ნატოში, დარწმუნებული ვარ, სამუდამოდ წერტილი დაესმება აფხაზეთის და ოსეთის საკითხს. ეს ჩემთვის, როგორც დევნილისა და სოხუმელისთვის, მიუღებელია. ამიტომ, მხარს ვერ დავუჭერ „ქართული ოცნების“ მიმართულებას ნატოში გაწევრიანების საკითხში“-აღნიშნა გულუამ და დასძინა, რომ მთავარი თემა, რაზეც ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება ითანამშრომლოს, არსებული ხელისუფლების კონსტიტუციური გზით „გაშვებაა“.
როგორც ცნობილია, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასის“ პარტიიდან იბრძოლებს. აღნიშნულის მიზეზი კი ისაა, რომ ცესკო-მ „განახლებული საქართველოსთვის“ საარჩევნო სუბიექტად არ დაარეგისტრირა.

















