საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ მოქალაქეებს და კოლეგებს
დღევანდელი დღე მიულოცა. მისი თქმით 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ეპოქალური ცვლილება მოხდა - ბიძინა ივანიშვილის მეთაურობითა და ქართველი ხალხის ძალისხმებით რეჟიმი მშვიდობიანად შეიცვალა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოქალაქე, პიროვნება გათავისუფლდა და არ ეშინია კრიტიკული აზრის გამოხატვის.
"ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბევრი რამეც, დიდი იმედი მაქვს, რომ გაკეთდება მომავალში. ბუნებრივია, მოვა ახალი ხალხი, მაგრამ ეს დღე, როგორც მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ვფიქრობ, დარჩება საქართველოს ისტორიაში და მინდა მივულოცო ყველა იმ გულანთებულ მოქალაქეს, რომელიც, როგორც ერთი ადამიანი იდგა, არ შეუშინდა არავითარ ხიფათს მაშინ და მშვიდობიანად მოახერხა იმ რეჟიმის გასტუმრება", - განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატმა 1-ლი ოქტომბერი მიულოცა მათაც, ვისაც გარკვეული გულისტკენა აქვს და მოლოდინებიც მეტი ჰქონდა.
"დარწმუნებით მინდა ვუთხრა ყველას, მაშინ მთავარი აღსრულდა და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ მომავალში ბოლომდე შევძლებთ ჩვენ პირნათელნი ვიყოთ ამ მოქალაქეების, ჩვენი ხალხის მიმართ"- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
2012 წელს პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა "ნაციონალური მოძროაბის" ცხრა წლიანი მმართველობა.

















