წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
გიორგი ნაჭყებიას შეხვედრა მოსახლეობასთან ჰაერში ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ნივთიერების გამოფრქვევის გამო შეფერხდა.
როგორც ნაჭყებიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ინციდენტი სოფელ ჯგალში ამომრჩეველთან მისი შეხვედრის დროს მოხდა, როდესაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ შეხვედრის ჩაშლის მიზნით, კოალიციის მხარდამჭერები ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ნივთიერებით „შეწამლა“.
„ხალხს ვესაუბრებოდით, როდესაც სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის კუთვნილი მანქანა გამოჩნდა, რომელმაც ჰაერში რაღაც ნივთიერება გაუშვა. შედეგად, იქაურობა კვამლით გაივსო. ეს არის ნივთიერება, რომელსაც ამერიკული პეპლის შესაწამლად იყენებენ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მანქანა სოფლის შესასვლელთან იდგა და ჩვენს გამოჩენას ელოდებოდა, რომ მოვეწამლეთ“-აღნიშნა „ნიუსპრესთან“ საუბარში ნაჭყებიამ.
მისი თქმით, შეხვედრის ადგილზე არც ერთი ხე არ დგას.
როგორც „ქართული ოცნების“ ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინცინდენტის შედეგადაც ათი ადამიანია მოწამლული. დაზარლებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

















