კოალიცია „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი, ძლიერი წვიმის შედეგად კრწანისის
რაიონის დატბორვაში ქალაქის მერს გიგი უგულავას ადანაშაულებს.
ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილმა, დღეს „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შოთა ხაბარელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩხარტიშვილის თქმით, დედაქალაქში 12 მაისის სტიქიიდან 3 თვის შემდეგ, კრწანისის რაიონი 19 აგვისტოს ნალექმა კვლავ დატბორა. მისი თქმით, კრწანისის მოსახლეობის მატერიალურ ზარალში დამნაშავე სწორედ გიგი უგულავაა, რადგან ქალაქის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ სტიქიიდან 3 თვე გავიდა, ადამიანების სიცოცხლე დღესაც რისკის ქვეშაა. მცირე ნალექის დროსაც კი, ქალაქი იტბორება, რაც შედეგია იმისა, რომ სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებისთვის გამოყოფილი თანხები კორუფციული გზით იფლანგება და წყალსაწმენდი სისტემების მოწესრიგებას არ ხმარდება“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
როგორც შოთა ხაბარელმა აღნიშნა, კრწანისის დატბორვა ხელისუფლების მხრიდან ხალხისადმი უყურადღებობის კლასიკური მაგალითია. მისი თქმით, ელემენტარული პირობა არ არის შექმნილი, იმისთვის, რომ მოქალაქეები მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ.
„19 აგვისტოს სულ რაღაც 15 წუთით მოვიდა ნალექი და კრწანისში მოძრაობა შეწყდა. ერთი საათით რომ მოვიდეს წვიმა ანალოგიურ სიტუაციას მივიღებთ, რაც 12 მაისს მოხდა. მაისის სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“ - განაცხადა ხაბარელმა.
მისივე თქმით, კრწანისის რაიონში საცხოვრებელი სახლების 80 პროცენტი დაზიანებულია, ხოლო საკანალიზაციო სისტემა - მოუწესრიგებელი.

















