პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ოპოზიციას წინადადებით მიმართავს. როგორც ბაღათურიამ დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ ერთობლივი ინიციატივა შეიმუშავეს, რომელიც ოპოზიციურ ძალთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას გულისხმობს.
მისი განმარტებით, ეს იქნება საბჭო, სადაც ოპოზიცია შეიმუშავებს ერთობლივი მოქმედების გეგმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების შემდეგაც - ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც და მაშინაც, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს.
„ჩვენი წინადადება ეხება ყველა ძირითად ოპოზიციურ ძალას, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ის არჩევნებში“-განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების სურვილია ოპოზიციამ ერთმანეთის წინააღმდეგ არ იბრძოლოს და ხელისუფლებას ერთობლივი ძალით დაუპირისპირდეს.
„ქართულმა დასმა“ და პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს, პარტიის ლიდერების თქმით, „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები მაჟორიტარულ ოლქებში საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად „ქართული დასის“ სახელით იბრძოლებენ. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ცესკო-მ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ არ დაარეგისტრირა.

















