„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ პარტიასთან „განახლებული საქართველოსთვის“ კავშირით, საქართველოში
ერთ-ერთი უძლიერესი კოალიცია შეიქმნა.
ამასთან, იგი თავს „ქართული ოცნების“ კონკურენტად არ თვლის და ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.
როგორც ბაღათურიამ „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერთან ნანა გულუასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღევანდელი სიტუაცია მოითხოვს ოპოზიციამ ერთმანეთის წინააღმდეგ არ იბრძოლოს და ხელისუფლებას ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდეს.
მისი თქმით „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საერთაშორისო მრჩეველს მინდია გულუას შორის განსხვავება ძირითადად საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაშია.
ბაღათურია მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ნატო-ში შესვლის გამოკვეთილი სურვილის მქონე ძალაა, გულუას კი, ამ საკითხისადმი „ოდნავ რბილი“ დამოკიდებულება აქვს. თუმცა, „ქართული დასის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ამ ორი ძლიერი, გავლენიანი ქართველის თანამშრომლობა ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება.
„ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი არ უნდა დავკიდოთ კომპლექსებსა და სტერეოტიპებზე, რასაც სააკაშვილი ცდილობს“ - აღნიშნა მან.
ბაღათურია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა სურს, თუმცა, ეს კოალიციის ფორმატში უკვე ვეღარ მოხერხდება. მიუხედავად ამისა, მისი სურვილია ამ ორი პოლიტიკური ძალის კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში მაინც არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„გვინდა, შეთანხმებულად ვიბრძოლოთ, რათა ქვეყანა კრიმინალ-კორუმპირებული ხელისუფლებისგან გავათავისუფლოთ“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება მის მაჟორიტარ კანდიდატობას საბურთალოს რაიონში, სადაც „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ჰყავს წარდგენილი, ბაღათურია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე კოალიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ის იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები წარმატებებით დასრულდება და ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთს თუ არ დაეხმარებიან, ხელს მაინც არ შეუშლიან.

















