გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გერმანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბუნდესტაგის წევრებს, გერმანელ ევროპარლამენტარებს და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს დღის წესრიგში მდგარ ისეთ აქტუალური თემებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოკუპაცია და რუსეთის უკანონო ქმედებები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ფორმატებში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღინიშნა.
შეხვედრებისას, ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნიდან 10 წლის შემდეგ, ჩვენი მთავარი საერთო საზრუნავი არის პარტნიორობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებისა და სამომავლო მიზნებისა და ნაბიჯების განსაზღვრა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ვიზიტის ფარგლებში ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრები გამართეს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენელთან, ბუნდესტაგის წევრებთან, ევროკავშირის საკითხთა და საგარეო კომიტეტის წევრთან, აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკაზე პარტიის მომხსენებელთან, ფედერალური კანცლერის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, ასევე გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენელთან.
„ეს ადამიანები უკვე წლებია აღმოსავლეთ პარტნიორობის, ჩვენი რეგიონის და საქართველოს, თემებზე მუშაობენ და მათი აქტიური ჩართულობა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

















