საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრის, დავით ზალკალიანის რუს კოლეგასთან
შეხვედრის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რომან კაკულია გამოეხმაურა, რომელსაც მიაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში პირველ რიგში კომპლექსებისაგან გათავისუფლებაა საჭირო.
მისი თქმით, ხელისუფლებას სამწუხაროდ ჩამოუყალიბდა კომპლექსები, რომლის გამოც ხშირ შემთხვევაში არაეფექტური იყო ის ტაქტიკური ნაბიჯები, რომლებმაც მიზნის მიღწევა უნდა უზრუნველყოს.
„ამიტომ ჩვენ უნდა დავკონკრეტდეთ რა არის ეს მიზანი, ეს არის ევროკაშირში ჩვენი გაწევრიანება უსაფრთხო და პროგნოზირებადი, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნების პარალელურად. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, თუ კომუნიკაციის ფორმატები ჩვენს მტერთან - ყველა ამ ურთიერთობის ეფექტურობა სწორედ ამ ჩვენი მთავარი მიზნისადმი მათი შესაბამისობის ფორმატში იზომება.
იმის მიზეზი, თუ რატომ ჩამოყალიბდა ეს კომპლექსები, კომპლექსურია, თუმცა ძალიან მარტივია ამ კომპლექსების ჩამოყალიბების ერთი აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია - ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არსებობს პრორუსული ორიენტაციის ძალები, რომლებიც თავიანთი მოტივების ასახსნელად სწორედ იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას და ნატოში გაწევრიანების პროცესს ეხება. ამიტომ ნებისმიერი საუბარი ამ საფრთხეებზე იწვევს ასოცირებულობას ამ ძალებთან.
რეალურად, ევროპული ორიენტაციის ფაქტობრივად ქონას ახლდა ეს შეზღუდულობა - არ იყოს ასოცირებული იმ ადამიანებთან, რომლებიც მაღალი ალბათობით არიან დაკავშირებული რუსულ ნარატივთან და რუსეთზე ორიენტაციასთან“, -განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ შეიქმნა რეალურად ევროპული ძალის დეფიციტი ამ ქვეყანაში.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რეალურად დავანახოთ საზოგადოებას, თუ რას ნიშნავს პროევროპული ძალის არსებობა, რომელიც ყველა ინსტრუმენტს სწორედ ამ მიზნის სამსახურში აყენებს. ხოლო ის, თუ რა მოტივაცია აქვთ რეალურად არსებულ საფრთხეებზე სალაპარაკოდ და ეს მოტივაციები მართლაც ევროპული ღირებულებებისადმი მიდრეკილებით არის გამოწვეული, თუ რუსული რუბლით არის დაფინანსებული, ამას ცხოვრება ყოველთვის გაარკვევს სამომავლოდ და ძალიან კარგია, რომ არჩევნებთან მიდივართ ახლოს და ამ პროცესისადმი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების დამოკიდებულება უზრუნველყოფს მათი რეალური ღირებულებების დემონსტრირებას. ესეც არის დადებითი ამ პროცესში, რომელსაც არავითარი ზედმეტი პოლიტიზირება ახლა არ სჭირდება. ამ ეტაპზე ის მიმართული იყო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის დასტაბილურებისაკენ და იმედი მაქვს, რომ გაზვიადებული მოლოდინების გარეშე ამ შედეგებს ნამდვილად მოიტანს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ კომპლექსებისაგან რომლის ავტორიც არის სწორედ ის მოძრაობა, რომელმაც შექმნა ეს კონფლიქტი“, - განაცხადა რომან კაკულიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ეს პროცესი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობით და მათთან კონსულტაციის ფონზე მიმდინარეობდეს.

















