თბილისში ვიზიტით მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იტალიის საელჩოში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრამდე „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გია ნოდიამ განაცხადა, რომ დამკვირვებლების ყოფნა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად გარანტია არ არის. თუმცა, მისი თქმით, ამის შედეგად არჩევნები უკეთესად ჩატარდება, ვიდრე მის გარეშე.
ნოდიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ანგარიშს უწევს ევროპელ დამკვირვებლებს და მათ გარკვეულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მიშა თავხელიძემ განაცხადა, რომელიც შეხვედრაზე ტეხასური შლაპით გამოცხადდა, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე.
რაც შეეხება ტეხასურ შლაპას, თავხელიძის თქმით, აღნიშნული დეტალი იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს შემდეგ, ის არის ამერიკის პატრიოტი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლოს.

















