საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო ფორუმს - შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი
ნაბიჯების გადადგმა - უმასპინძლა. ფორუმი არის კულმინაცია ოთხწლიანი პროგრამისა, რომელსაც საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში 2015 წლიდან ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს. ფორუმის მიზანია გამოცდილების გაზიარება და დისკუსია ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაზე ხელოვნების საშუალებით.
სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა.
,,არ არსებობს შეზღუდვა მათთვის, ვინც ოცნებობს, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა’’ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თავის მიმართვაში.
სტუმრებს მიესალმა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტი.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ფორუმის მიზანია გამოცდილების გაზიარება და დისკუსია ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაზე ხელოვნების საშუალებით. შეუზღუდავი შესაძლებლობების ფორუმი წარმოადგენს ბრიტანეთი/ საქართველოს 2019 სეზონის შემადგენელ ნაწილს. ეს იქნება მასშტაბური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 60-ზე მეტი ღონისძიება და სანახაობა მე-12 საუკუნის დავით აღმაშენებლის მონეტიდან 21-ე საუკუნის შესანიშნავ მუსიკამდე. ამ ფესტივალით ვეცდებით ყველას გული მოვინადიროთ“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.
ინგლისის ხელოვნების საბჭოს მრავალფეროვნების მიმართულების ხელმძღვანელმა, აბიდ ჰუსეინმა ისაუბრა პოლიტიკისა და ინვესტიციების ჩარჩოს განვითარების შესახებ შშმ არტისტებისა და შშმ ხელოვნებისთვის შესაძლებლობების შექმნის მიზნით. საკითხის პრეზენტაციისას მან რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს კულტურის საბჭოს სამუშაო გამოცდილებაზე, სტატისტიკაზე, მოდელებზე, ტრანსპორტისა და შენობების ხელმისაწვდომობაზე, ასევე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბრიტანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
„მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევის დღიდან მიზნად დავისახეთ, რომ პარლამენტის სასახლე ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანს, სმენის არმქონე ადამიანს არ შეეძლო მოსულიყო საქართველოს პარლამენტში და მიეღო ის სერვისი, რომელიც მისთვის საინტერესო იყო ან მონაწილეობა მიეღო მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში. დავიწყეთ ფიზიკური სივრცის ადაპტირება, მოხდა უსინათლოებისთვის ტაქტილური ბილიკების გაკეთება, ლიფტების გახმოვანება . ბოლო ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გახლავთ ის, რომ ყველა სხდომა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ტარდება, გადაიცემა სურდო-თარჯიმნით, რაც სმენის არმქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს პირდაპირ მოისმინონ ყველა საპარლამენტო განხილვა. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ უნივერსალური დიზაინის პრინციპები კიდევ უფრო მეტად იყოს დანერგილი პარლამენტში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მან ისაუბრა საპარლამენტო ინიციატივებზე, პრიორიტეტებზე, მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ.
ფორუმის დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე პანელზე მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართა.
საქართველოს პარლამენტში განხორციელებული პროექტების შესახებ პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა გადამზადების მნიშვნელოვან შედეგებზე, რამაც პარლამენტის შენობის ადაპტაციის ეფექტურობა გაზარდა.
„შენობის მასშტაბი ძალიან დიდია, გასაკეთებელი ძალიან ბევრი იყო. მართალია მოკლე დროში ხელშესახები შედეგები გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდებით, და სამომავლო გეგმებიც გვაქვს კონკრეტული მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან კვინიკაძემ. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საბჭოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთებისთვის, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის.
„ამჟამად, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ანგარიშზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში“. ეს დოკუმენტი შემუშავდა სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობით. იგი ამჟამად საქართველოს პარლამენტის აპარატის მხრიდან დამუშავების პროცესშია, რადგან მისი გარკვეული ნაწილი რეკომენდაციებს შეიცავს“, - აღნიშნა ქეთევან კვინიკაძემ.
მისი ინფორმაციით, რეკომენდაციების იმპლემენტაცია ეტაპობრივად, როგორც მიმდინარე წლის დარჩენილ თვეებში, ასევე მომავალ წელს განხორციელდება.
დღესვე, ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ქეთი მატაბელის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. ეს არის უსინათლოებისა და მცირემხედველების ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნის სფეროში.
ღონისძიების ბოლოს სტუმრებისთვის პარლამენტის ადაპტირებული ნაწილის ტური გაიმართა.

















