საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობას სტუდენტებთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.
როგორც პრეზიდენტმა ანაკლიაში Summer Job-2012-ს მონაწილეებს განუცხადა, მომავალი წლიდან მკვეთრად გაფართოვდება უცხოეთში სწავლის მსურველთა ფინანსური მხარდაჭერა და საზაფხულო სკოლაში გასაგზავნთა რაოდენობაც გაიზრდება.
მისივე თქმით, შემდგომი წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზრდება სახელმწიფო გრანტების ოდენობაც.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იქმნება ახალი სასწავლებლები. ბათუმში ახალი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იხსნება, ხოლო ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ევროპული პოლიტიკური სკოლა კეთდება.
„ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ საერთაშორისო სტანდარტები შემოგვაქვს. მომავალ წელს ასობით უცხოელ პროფესორს მოვიწვევთ და ასობით ჩვენს პროფესორს გავაგზავნით უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამას გარდა, ყველგან უნდა შემოვიღოთ უცხო ენის სწავლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს გაეხსნას პერსპექტივა“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ახალ საგამოცდო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების მინისტრის ხატია დეკანოიძის მიერ განხორციელებული რეფორმის მიხედვით, გამოცდების ჩაბარება არა წელიწადში ერთხელ, არამედ, ყოველთვიურად იქნება შესაძლებელი.

















