„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ძირითადად, საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო.
მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ იმ ვერსიებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს არჩევნების შემდეგ პოლიტიკური მოვლენები საქართველოში.
უსუფაშვილის განმარტებით, მან ეუთო-ს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას უკვე თავადვე უჭირს მის მიერ შექმნილი სისტემიდან თავის დაღწევა. მისი თქმით, ეს ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„გარდა ამისა, ვისაუბრე იმაზე, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს და პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ქვეყანაში მოვლენები მშვიდობიანად განვითარდეს, არ გამოვიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მიხეილ სააკაშვილის გუნდის უპასუხისმგებლო ქმედებებს ქვეყნისთვის რაიმე სერიოზული გართულებები არ მოჰყვეს“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ ეუთოსა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების გაყალბების პრევენციის მექანიზმად განიხილავს, რადგან პარტიის მთავარი ამოცანაა არ დაუშვას არჩევნების გაყალბება.

















