ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - მაიკლ ასთრაფ ჯენსენი და ბორის სილევიჩი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური კოალიცია
„ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საბანკო ანგარიშების დაყადაღებით ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პროცესში ხელს უშლის.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადამეტებული და არაპროპორციული ჯარიმების დაწესებით, „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლას ეფექტურად ცდილობს. ეს კი, შემაშფოთებელი ფაქტია“ - აცხადებენ თანამომხსენებლები.
მათივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხში ხელისუფლებამ ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის თანაბარუფლებიანობა უნდა უზრუნველყოს, რადგან პროცესი ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ არ წარიმართოს.
„მოახლოებული არჩევნები და მისი დემოკრატიულად წარმართვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური თავშეკავებისა და წინასაარჩევნო პროცესში ყველა მხარის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ სრულად მონაწილეობის უზრუნველყოფისკენ მოვუწოდებთ“ - აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
თანამომხსენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვების ფარგლებში, საქართველოს 11-12 სექტემბერს ეწვევიან.

















