პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ცესკო-მ არ დაარეგისტრირა, თუმცა, პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას
სხვა ფორმით გეგმავს.
როგორც პარტიის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუამ სკაიპ-კონფერენციისას განაცხადა, „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები პარტიას დატოვებენ, გადავლენ ჯონდი ბაღათურიას „ქართულ დასში“ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად სწორედ ამ პარტიის სახელით წარდგებიან.
გულუა აცხადებს, რომ ამ გზით პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
„ამ გზით პარლამენტში ნამდვილი ოპოზიციური ძალა შევა“ - განაცხადა გულუამ. მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მას პარტიაში რაიმე თანამდებობას შესთავაზებს, ის თანახმაა.
რაც შეეხება ცესკო-ს მიერ რეგისტრაციაზე უარს, პარტიის წევრის სოსო გიორგაძის თქმით, მათ ცესკო-ს განსაზღვრულ ვადებში წარუდგინეს ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, რომელთა 90% ცესკო-მ ბათილად ცნო. ამის შემდეგ პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის“ კომისიას კიდევ 24 ათასამდე ხელმოწერა წარუდგინა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე უარი ეთქვა.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და მიზნად „განახლებული საქართველოსთვის“ საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორებას ისახავდა.

















