„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშის მიხედვით, პარტიების აქტივისტებსა და მოქალაქეებზე
პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის ფაქტებმა იმატა.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც 2-31 ივლისის პერიოდს მოიცავს.
მისი თქმით, წინა ანგარიშთან შედარებით, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები შემცირდა.
ლომჯარიას განცხადებით, ანგარიშში აისახა პოლიტიკური ნიშნით პარტიების აქტივისტებზე განხორციელებული ზეწოლის - 8, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 2, ფიზიკური ანგარიშსწორების - 2, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის - 5, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის - 5 და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის - 1 შემთხვევა.
„მიმდინარე ანგარიშში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 18 შემთხვევა, მათ შორის 14 ეხება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას, რომელშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ“ - განაცხადა ლომჯარიამ.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 4 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 57, „ქართულმა ოცნებამ“ - 86, „ახალმა მემარჯვენეებმა“ 18, „ქრისტიან-დემოკარტიულმა მოძრაობამ“ – 4 და „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ - 8 საჯარო შეხვედრას გაუკეთა ორგანიზება.
ლომჯარიას განცხადებით, ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლისა და პარტიის წევრებზე - აქტივისტებზე, განხორციელებული ზეწოლა-მუქარის ფაქტები გასული ანგარიშების მსგავსად კვლავ აქტუალურია.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის ნინო რიჟამაძის განცხადებით, გამოკვეთილია შემდეგი ტენდენცია - ყველა პარტიას ორიენტირი სოციალურ პროგრამებსა და პროექტებზე აქვს აღებული.
„პოლიტიკური პარტიების შეხვედრები ძირთადად სამ რეგიონში - შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და იმერეთში გაიმართა. ყველა შეხვედრაზე თითოეული პოლიტიკური პარტია აქცენტს ჯანდაცვის ახალ პოლიტიკაზე, სოფლის მეურნეობის პროგრამებსა და სოციალურ პოლიტიკაზე აკეთებს“ - განაცხადა რიჟამაძემ.
„სამართლიანი არჩევნები“ მორიგ მეხუთე შუალედურ ანგარიშს აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნებს.

















