პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ კოალიცია ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ხელი არ მოაწეროს უწყებათაშორისი
კომისიის მიერ შემუშავებულ პარტიათა ქცევის დეკლარაციას.
ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების კონტროლისგან დამოუკიდებელი ძირითადი ოპოზიციური პარტიები მათ შორის „თავისუფალი საქართველო“ და კოალიცია „ქართული ოცნება“ თავდაპირველად უარს აცხადებდნენ აღნიშნულ დეკლარაციაზე ხელის მოწერისგან. თუმცა, 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია ადასტურებს, რომ მზად არის აღნიშნულ დეკლარაციას ხელი მოაწეროს.
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს, რომლის მიზანი არჩევნების გაყალბების შემდეგ ოპოზიციის პრიორიტეტის პრევენცია და დასავლეთის თვალში უკანონო პროცესებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა. მით უფრო, რომ ხელისუფლება თავისი ქმედებებით ყოველდღიურად ადასტურებს, რომ ის არ ცნობს თამაშის არანაირ წესს და ქვეყანაში ოპოზიციის საბოლოო განადგურებაზეა ორიენტირებული“ - განაცხადა ომანიძემ.
მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის გარანტი ბოკერიას უწყების მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია გახდეს.
„სააკაშვილის ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ოპოზიციას არ მისცეს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. ამის დასტურია თუნდაც ცესკო-ს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნოდ 7-ის ნაცვლად 41-ე ნომრის მინიჭების შესახებ“ - განაცხადა ომანიძემ.
ამასთან, პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ნაცვლად ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დეკლარაციაზე ხელის მოწერისა, ოპოზიციამ ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მწვავე საპროტესტო აქციების ტალღა უნდა დაიწყოს.

















