მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ფარგლებში, სამი
კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ზალკალიანს მოუსმინეს.
დავით ზალკალიანმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.
მინისტრობის კანდიდატმა რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება.
მან აღნიშნა, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია და ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზალკალიანი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს.
მისი თქმით, ყველა არსებული ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.
დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არ არის გამქრალი საერთაშორისო თანამეგობრობის რადარებიდან და ამასთან დაკავშირებით, ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.
მოსმენას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.
დღეს ასევე დეპუტატების წინაშე წარსდგებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

















