ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან წინასაარჩევნო პერიოდში
საარჩევნო სუბიექტების შესახებ ინფორმაციის გაშუქების გეგმებზე ინფორმაცია მოისმინა.
როგორც შეხვედრის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დელეგაციის კითხვები წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმებს ეხებოდა.
გახელაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მკაცრი რეგულაციის ჩარჩოებს ქმნიან საარჩევნო კოდექსი და „მაუწყებლობის შესახებ კანონი“ და ამდენად, ტელევიზია ამ საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში მოქმედებს.
გეგმებზე საუბრისას გახელაძემ აღნიშნა, რომ „მეორე არხზე“ ყველა საარჩევნო სუბიექტს დაეთმობა სატელევიზიო ეთერი, ამას გარდა, „პირველ არხზე“ დაიწყო რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო გადაცემა „მოამბეში“ თითქმის ყოველდღიურად იწვევენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მიმდინარეობს ორი პოლიტიკური თოქ-შოუ და ასევე, იგეგმება წინასაარჩევნო დებატები.
გახელაძის თქმით, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ სხვადასხვა ტექნიკური საკითხით, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებით.

















