ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე გაკვირვება გამოხატეს. ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ სასამართლოს როლით და იმით, თუ რამდენად არსებობს სასამართლოს მეშვეობით საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.
როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, ისინი არ ელოდნენ ასეთ ვითარებას და უარყოფითი დამოკიდებულებაც კი გამოხატეს.
ამასთანავე, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დელეგაციას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე - დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებიდან დაწყებული, აუდიტის სამსახურის წარმოებული საქმიანობით დასრულებული.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკმაოდ გაკვირვებული არიან ამ პროცესებით და გაოცებას გამოთქვამენ იმაზე, თუ რა ტიპის სანქციები ხორციელდება პარტიების დაფინანსების წესების დარღვევისთვის, ასევე, იმასთნ დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების თითქმის 100% ემთხვევა პტოკურატურის და აუდიტის სამსახურის ინიციატივებს“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ წუთებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იტალიის საელჩოში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას ხვდება.

















