კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი სერგო კიღურაძე
პოლიტიკური მოტივით დააკავეს.
კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ის ვიდეოჩანაწერი აჩვენა, სადაც ნაჩვენებია სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავების მომენტი და სერგო კიღურაძის დედა, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.
კალაძის თქმით, სერგო კიღურაძე პირადად სამტრედიის პოლიციის უფროსმა ობოლაძემ დააკავა, რომელიც ძმებ კუბლაშვილებთან დაახლოებული პიროვნებაა, კიღურაძის დედას სავარაუდოდ, ყბა აქვს გატეხილი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა.
კალაძის განმარტებით, მისი მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
კახი კალაძე მიჩნევს, რომ სერგო კიღურაძის დაკავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც იგი „ინფო 9“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა სოფელ კულაშის მოსახლეობას სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის პირობა მისცა, თუმცა, ეს არ გაკეთებულა.
„სამტრედიაში უკვე ათი დღეა იმყოფება ლადო ვარძელაშვილი. მას იქ ჩაყვანილი ჰყავს უდესიანის ზონდერ-ჯგუფები, რომლებიც ჩვენი შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ. მინისტრი სოფელ კულაშშიც იმყოფებოდა, რომლის დროსაც, სამგზის ჩემპიონმა სერგო კიღურაძემ მისი საწინააღმდეგო ინტერვიუ მისცა „ინფო 9-ას“ - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული ინტერვიუდან რამდენიმე საათში კიღურაძეს პოლიციელები სახლში მიუცვივდნენ და დააკავეს.
აღნიშნულ ვიდეომასალას კოალიციის ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემენ. კალაძის თქმით, მასალა უწყებათაშორის კომისიას უკვე გადაეგზავნა.
მისივე თქმით, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სერგო და თემურ კიღურაძეებმა ერთ-ერთ მოქალაქეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
სერგო და თემურ კიღურაძეები სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს.

















