აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს
საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.
სოფელ გუგუტიანთკარში ოცი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი ადგილზევე გააკეთეს და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის უკანონო ქმედებაზე.
გთავაზობთ დიპლომატების კომენტარებს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ტადაჰარუ უეჰარა:
"მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა, და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“.
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - ბოგდან პეტროვი:
"ახლახან ჩვენ აღვნიშნეთ სქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-11 წლისთავი. დღეს კი საოკუპაციო ხაზზე ვდგავართ, და სწორედ ამ წუთებში რუეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას. მინდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს საქართველოდან და უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანასა და ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას".
საქართველოში ესტონეთის ელჩი - კაი კაარელსონი:
"ესტონეთი საერთაშორისო სამართლის აქტიური დამცველია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვლენათა ის განვითარება, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელია, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რაც გულისხმობს მცოცავ ანექსიას, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისისთაც. ამ ვითარებაში მნიშნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა".
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი:
"ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ამ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება თავისუფლად გადაადგილების პრობლემა და ზოგადად, არსებობს რისკი, რომ ამ პროცესებს მკვეთრად უარყოფითი გავლენა ექნება ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა შესაძლო ფორმატში ამ საკითხის გადაწყვეტისთვის".
კომენტარი ასევე გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგიილემ, ლაშა დარსალიამ:
"მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად დაუკავშირდა ჟენევის თანათავმჯდომარეებსა და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებთ.
"მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სრულყოფილად მივაწოდეთ ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ მოქმედებს ჰუმანიტარულ ვითარებაზე, როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას" - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

















