კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ცესკო
აპირებს მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - არ მიანიჭოს კოალიციას კონსერვატიული პარტიის საარჩევნო ნომერი „7“.
როგორც „ნიუსპრესს“ ძიძიგურმა განუცხადა, ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კოალიციას ორაზროვან პასუხებს აძლევს ამ საკითხთან დაკავშირებით და დღეს კოალიციამ დამატებით შეიტანა განაცხადი იმის შესახებ, რომ კოალიცია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, გამოიყენებს „კონსერვატიული პარტიის“ საარჩევნო ნომერს.
ძიძიგურის თქმით, ცესკო-ში მისვლისას აღმოჩნდა, რომ ზურაბ ხარატიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხვდებოდა, კოალიციის წარმომადგენლებმა დელეგაციასთან დაუგეგმავი შეხვედრა მოახერხეს და ისინი საქმის კურსში ჩააყენეს.
„ეს არის განუკითხაობა. ცესკო, როგორც ჩანს, აპირებს მოგვანიჭოს რაღაც ნომერი 92, რომელსაც მოქალაქეების ნახევარი ბიულეტენში ვერ იპოვის და ამით უნდათ ამომრჩეველი დააბნიონ“ - განაცხადა ძიძიგურმა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკს შექმნიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

















