ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მძღოლი გიორგი ლაღიძე რუსთავის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და ის ამჟამად, სამუშაო
ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება სამსახურებრივ ავტომანქანას, საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ განუცხადა.
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, გუშინ რუსთავში ინციდენტი მოხდა, ლაღიძე ტელეკომპანიის ავტომობილით კოსტავას ქუჩაზე უკუსვლით გადაადგილებისას ველოსიპედით მოძრავ ლაშა ნოზაძეს მიუახლოვდა, რომლის დროსაც იგი დაიბნა და წაიქცა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნოზაძეს ინციდენტის დროს თავზე ხელებსა და ფეხებზე დამცავი საშუალებები ეკეთა და მას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია.
მათივე ცნობით, საპატრულო პოლიციამ ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და ნოზაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილი შემოღობა გიორგი ლაღიძე კი, დაკითხვაზე წაიყვანა. დაკითხვამდე ლაღიძე სიმთვრალის დეტექტორით შეამოწმეს, რამაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, დაკითხვის შემდეგ ის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

















