კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი პარტია უნდა არსებობდეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიის ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს გამოთქვამდნენ სურვილს, რომ ერთ პარტიად გაერთიანებულიყვნენ.
ივანიშვილის განცხადებით, იგი გაერთიანების წინააღმდეგი იყო, რადგან, მისივე თქმით, არ შეიძლება კიდევ ერთხელ საქართველომ ერთპარტიული პარლამენტი მიიღოს.
მისი განმარტებით, ის მცირე გაუგებრობები, რაც კოალიციაში არსებობს, იმითაა განპირობებული, რომ კოალიციაში ყველა თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
„მცირე გაუგებრობები ნებისმიერ ოჯახში შეძლება იყოს. რა თქმა უნდა, კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ცდილობს ადგილის დამკვიდრებას და ეს ნორმალურია. მიუხედავად გაერთიანების შესახებ სხვადასხვა იდეებისა, მინდა, რომ ყველა პარტიამ თავისი სახე შეინარჩუნოს და ისინი დამოუკიდებლები იყვნენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, იგი თავად სთხოვს პარტიებს კოალიციაში საკუთარი პოზიციები გაიმყარონ.
ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, არავითარი სერიოზული და კონფლიქტური სიტუაცია კოალიციაში არ არსებობს.

















